ოდრი ჰეპბერნი ერთ-ერთი მათგანია – თხელი, სიფრიფანა, დახვეწილი, ნაზი, როგორც მინდვრის ყვავილის არომატი ან გაზაფხულის ნაზი ნიავი.
გგონია, რომ ასეთი ლამაზმანების ცხოვრება სიამოვნებისა და გამარჯვებების მთელი წყებაა.
მაგრამ ასეა კი სინამდვილეში?!.
1929 წლის 4 მაისს ბრიუსელში დაიბადა. მსოფლიოში სასტიკი ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებდა. გერმანიაში ხელისუფლებისკენ ილტვოდნენ ნაცისტები, საბჭოთა კავშირში “დიდი გარდატეხა” მიმდინარეობდა.
ჯონ ვიქტორ რასტონ-ჰეპბერნისა და მისი მანერული ლამაზმანი მეუღლის ელა ვან ჰეემესტრას შეეძინა გოგონა, რომელსაც ოდრი კეტლინი დაარქვეს.
ოდრის დედა ძალაუფლებისმოყვარე, სისუსტეების მიმართ შეურიგებელი, მაღალი საზოგადოების ქალბატონი იყო. არისტოკრატი სულითა და სისხლით, არ ითმენდა შეწინააღმდეგებას.
ბავშვობიდან ოდრის ესმოდა: “ნამდვილი ქალბატონის წონა არ შეიძლება 46 კილოგრამზე მეტი იყოს!” ყველა, ვინც მოგვიანებით მისი ბრწყინვალებით აღფრთოვანებას ვერ მალავდა ალბათ არც კი დაფიქრებულა, რა ძვირად უღირდა იდეალური აგებულება.
ოდრის მოწოდება არც მუსიკა იყო და არც ბალეტი. ჰეპბერნმა თავისი ძალის მოსინჯვა კინოხელოვნებაში გადაწყვიტა. კინოკარიერა ევროპაში დაიწყო და რამდენიმე პატარა, უმნიშვნელო როლი შეასრულა. ოდრი მხოლოდ მაშინ შენიშნეს, როცა 1951 წელს თავისთვის ძალიან მნიშვნელოვანი როლი მიიღო – ერთ-ერთ ინგლისურ ფილმში ბალერინა უნდა შეესრულებინა. ამის შემდეგ დამწყები მსახიობი ბროდვეულ წარმოდგენაზე – “ჟიჟი” – მიიწვიეს. ეს პარიზელი კურტიზანი ქალის ისტორია იყო, თუმცა ნორჩმა ოდრიმ ისე შესთავაზა მაყურებელს ეს როლი, რომ პიესის ავტორი – ქალბატონი კოლეტიც კი აღაფრთოვანა.
საკვანძო მომენტი მის კარიერაში “რომაულ არდადეგებში” მონაწილეობა იყო. დედისგან მემკვიდრებით მიღებული არისტოკრატული გრაციის წყალობით, ოდრიმ იდეალურად მოირგო პრინცესის როლი. მისი დახვეწილი მანერები, შესანიშნავი წელი, შეშინებული და მიამიტი გოგონას ფართოდ გახელილი თვალები - «ბემბისავით თვალების აქვს!» - გაყვიროდნენ აღტაცებული ამერიკელი რეპორტიორები.
ცოტა უცნაურად კი ჟღერს, მაგრამ მარჯვე ლამაზმანი ჰეპბერნი თავს “ცუდად” თვლიდა – ზედმეტად ცრუპენტელად, სულელად, აუტანლად მსუქნად და გამოუსადეგრად! რაც უნდა გაეკეთებინა, როგორაც უნდა შეექოთ კრიტიკოსებს, ყოველთვის ახსენდებოდა დედის უკმაყოფილო სახე...
თუმცა ყველაფერი კარგად მიდიოდა, “კონკიას” მომდევნო ისტორია “საბრინაში” კიდევ უფრო პოპულარულს ხდის ოდრის.
კინოეპოპეა “ომი და მშვიდობა”, რომელიც იმავე სახელწოდების რომანის მიხედვით შეიქმნა, ძალიან ბევრისთვის მხოლოდ იმიტომ გახდა ღირებული, რომ მასში ნატაშა როსტოვას ოდრი თამაშობდა. შემდეგ იყო “საუზმე ტიფანისთან”. ამ ფილმა ტიფანის საიუველირო სახლს გაუგონარი პოპულარობა მოუტანა.
რეკლამა გაუკეთდა ქალური ელეგანტურობის სიმბოლო “პატარა შავ კაბასაც”. შეიძლება ითქვას, რომ ამ სურათში ოდრის წარმატების შემდეგ, კოკო შანელის ქმნილებამ თითქოს მეორედ შეისხა ხორცი. ფილმის ყველა სამოსი ახალგაზრდა, საოცრად პოპულარულმა იუბერ ჟივენჩიმ შექმნა. მოდელიერმა ოდრის სახით თავისი მუზა იპოვა, მისი აზრით სწორედ ასეთი უნდა ყოფილიყო ნამდვილი ქალი.
...ბერნარდ შოუს “პიგმალიონის” მიხედვით შექმნილი კომენდია “ჩემი მშვენიერი ლედი” ჩაფიქრებული იყო, როგორც გრანდიოზული კოსტიუმურ-მუსიკალური პროექტი. მართლაც, ფანტასტიკური ტუალეტები, გამაოგნებელი თავსაბურავები, რომელთაც ასაღწერ ეპოქასთან საერთო არაფერი ჰქონდა, შლაპები ბუმბულებითა და ბაფთებით, მორთულობა, რომელშიც ფანტაზია მეტი იყო, ვიდრე ისტორიული სინამდვილე , მთავარი გმირის გამონაკვთული ფიგურა - აღაფრთხოვანებდა.

ოდრი ძალიან გულწრფელად თამაშობდა, ლონდონელი მეყვავილის დაკონკილ კაბაშიც ორგანულად გამოიყურებოდა და გიპიურის სამოსშიც, რომელიც მისი მშვენიერი სხეულის კონტურებს იმეორებდა.
60-იან წლებში ოდრი ნაყოფიერად მუშაობს.
მთელი ცხოვრების მანძილზე და სიკვდილის შემდეგაც ოდრი ჰეპბერნი იუბერ ჟივენჩის მუზა იყო. 24 წლის დამწყები მსახიობი მან 1953 წელს, საკუთარი მოდის სახლის გახსნის შემდეგ გაიცნო. ოდრი ვარსკვლავი ჯერ კიდევ არა, მაგრამ ლამაზი ქალი კი ნამდვილად იყო. იუბერს მაშინვე სილამაზის იდეალად მოეჩვენა. 40 წელი და კიდევ მეტი Givenchy-ს მოდის სახლი ქალურ და დახვეწილ მოდელებს სწორედ მისთვის ქმნიდა. რომ თხოვდებოდა, ოდრის მეგობრის შექმნილი კაბები ეცვა.
ბოლო დღეები მსახიობმა სახლში, შვეიცარიულ ალპებში გაატარა. არავის ნახვა სურდა, რობერტ უოლდერსის გარდა. 1993 წლის 20 იანვარს ოდრი ჰეპბერნი გარდაიცვალა და სამუდამოდ დარჩა მშვენიერ ლედიდ ყველაზე ლამაზი ზღაპრიდან.
... როცა სილამაზის დედოფალი გარდაიცვალა ქმართან და შვილებთან ერთად წესის აგებას იუბერიც ესწრებოდა და განაცხადა კიდეც, რომ ოდრი “სიყვარულისა და სილამაზის მომტანი ნამდვილი ფერია იყო”.
No comments:
Post a Comment